მოხალისეობა

მოხალისე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებრივი პროექტი.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად საქართველოში დამატებითი ძალის მობილიზების საჭიროება იკვეთება:

  • წყალდიდობის დროს
  • ხანძრების დროს (ზურგის სამუშაოებში)
  • სამძებრო სამაშველო საქმიანობის დროს

რეგისტრაციისა და მოხალისეთა ეროვნულ სიაში გაწევრიანების შემდეგ, მოხალისე გაივლის სპეციალურ სწავლებას, რომელსაც ჩაატარებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები.

მოხალისე მიიღებს შესაბამის აღჭურვილობას და საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების დროს, სხვადასხვა საქმიანობაში ჩაერთვება. ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მოქალაქეები საკუთარი ინიატივით ერთვებოდნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში. პროექტი ხელს შეუწყობს მსგავს სიტუაციებში მოქალაქეთა ორგანიზებულ გადაადგილებას და მოქმედებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ, დაცული იქნება შემთხვევის ადგილზე მოხალისეების უსაფრთხოება და გაკონტროლება მათი თითოეული ქმედება.

მოხალისის პროექტი ორი ნაწილისგან შედგება და ცოცხალი ძალის მობილიზების გარდა, გულისხმობს, სახანძრო მანქანის გადაცემას მაღალმთიანი სოფლებისთვის. დასახლებებში, რომლებიც მნიშვნელოვნად არის დაშორებული უახლოეს სახანძრო-სამაშველო განყოფილებასთან, ხანძარზე პირველი მორეაგირე იქნება სპეციალიზებული მოხალისეთათვის გადაცემული მანქანა.

პროექტის საპილოტე ვერსია 2019 წლიდან სამცხე-ჯავახეთის მხარეში ამოქმედდება.